ბაუჰაუსი, როგორც ინტერიერის დიაინში ერთ-ერთი მიმართულება მე-20 საუკუნეში წარმოიშვა. ბაუჰაუსის ტრადიციების დაცვით დაგეგმილი ინტერიერი აერთიანებს ფუნქციონალურობას, ხელმისაწვდომობასა და მრავალფეროვნებას. ამ სტილის ინტერიერი მინიმალისტურია – მარტივი გეომეტრიული ფორმებით. მის მთავარ ამოცანას კი კომფორტის შექმნა წარმოადგენს სივრცის რაციონალური გამოყენების და არასაჭირო დეტალებისგან დაცლით.
ძირითადი მახასიათებლები:
ბაუჰაუსში ძირითადი აქცენტი კეთდება ავეჯზე. ის უნდა იყოს ლაკონური და ფუნქციონალური. ხშირად, დიზაინში გამოიყენება მოდულური ავეჯი (დასაკეცი სკამები, ტრანსფორმირებადი დივნები და კარადები), რადგან მარტივია მათი კომბინირება და შეცვლა.
ძირითადი მასალები:
- პლასტმასი, მინა, ლითონის ნაწილები და ხე.
ფერთა პალიტრა:
- ძირითადად მშვიდი ფერები, რომელსაც წითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი და ყვითელი ელემენტები ემატება ნათელი აქცენტის სახით.
დეკორი:
ასეთ ინტერიერში მინიმუმამდეა დაყვანილი დეკორის როლი, თუმცა დიზაინში დიდ როლს თამაშობს ფუნქციონალური ნივთები, როგორიცაა თანამედროვე საყოფაცხოვრებო ტექნიკა თუ ელეგანტური ნათურები.
ამ დიზაინის ხელმისაწვდომობა განპირობებულია იმით, რომ ძვირადღირებული მასალების ჩანაცვლება შესაძლებელია შედარებით ხელმისაწვდომით. ხოლო თუ ავთენტურობა გიზიდავთ, ბაუჰაუს სტილის ავეჯს მეორადი ავეჯის ბაზრობებზე ადვილად იპოვით.